ხორავას ქუჩაზე მოკლულის დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თბილისის მერიის მიერ გუშინ 10 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

სარალიძის თქმით, სახელმწიფომ უკვე ორად გახლიჩა საზოგადოება და თავის მართლება აღარ უშველით.

"იხადონ ბოდიშები რამდენიც უნდათ. თავის მართლება მაგათი პოზიციაა, რაღაცას დააშავებენ და შემდეგ ბოდიშს იხდიან", — უთხრა On.ge-ს ზაზა სარალიძემ.

მან თბილისის მერს კახა კალაძესა და მის გუნდს მოუწოდა მივიდეს რუსთაველზე და გვერდით დაუდგეს შვილმკვდარი მამების აქციას.

"დაგვიდგნენ გვერდით, მისცენ პასუხისგებაში ჩვენი შვილის მკვლელები, საქმის გამყალბებლები და ამით დამთავრდება ყველაფერი", — ამბობს სარალიძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ "კარვების აქცია" გრძელდება. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ, 16 კარავია გაშლილი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მთელი ღამე პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე გაატარეს, საკუთარი კარვების აშლა დღეს დილით დაიწყეს. 3 კარავი კი საჩუქრად ზაზა სარალიძეს დაუტოვეს. ამ დროისთვის რუსთაველზე აქციის მონაწილეების კარვები რჩება. დღეს საღამოს ისე იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია და სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არა აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან. მერიის პოზიციით, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად.

თბილისის მერიამ 5 ნოემბერს შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, წერილი მისწერა. წერილში მერია ითხოვს, რომ სარალიძემ აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად სხვა ადგილზე გამართოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. როგორც მერი განმარტავდა, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადგილი იპოვონ.

ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს. ასევე შეიქმნა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!".