პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ვიზიტისას საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. შეხვედრის ამსახველ ვიდეოს IPN ავრცელებს. პატრიარქის კითხვაზე, კარგად მიდის თუ არა არჩევნები? ივანიშვილი პასუხობს, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დემოკრატია დამყარდა.

"ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ, თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა", — პასუხობს ივანიშვილი.

ვიდეოში ჩანს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში ოჯახთან ერთად მივიდა.

არჩევნების მეორე ტური

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
  • გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
  • შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
  • ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
  • დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.