სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, თბილისის მერიამ და შსს-მ ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით პარლამენტის ზაზა სარალიძეს აქციის ჩატარებაში ხელი არ უნდა შეუშალონ.

"შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს", — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ლომჯარია განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემა მაშინ შეუძლია, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში).

დღეს, 9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ თბილისის მერია სთხოვს, ნოემბრიდან გაათავისუფლონ პარლამენტის წინ დაკავებული ტერიტორია, რათა საახალწლო ნაძვის ხე დაიდგას. მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიიდან გადასვლას. ამაზე თბილისის მერმა შვილმოკლულ მამებს ურჩია, რაიმე ისეთი ადგილი შეარჩიონ სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება. კალაძემ თქვა, რომ თუკი მოთხოვნა არ შესრულდება, "კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ყველასთვის".

სარალიძის განმარტებით, თბილისის მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით პირველ ნოემბერს მიმართეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, სულხან სალაძეც მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის შემთხვევაშიც, პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ. On.ge-სთან საუბარში სალაძე განმარტავს, რომ ნაძვის ხის დადგმა არ გამორიცხავს, რომ იქვე, იმ ტერიტორიაზე იყოს სხვა ტიპის მოვლენაც:

"ეს იქნება ფეხზე მდგომი თუ მწოლიარე ადამიანების მონაწილეობით, ეს მათი გადასაწყვეტია. არ ვლაპარაკობ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ნაძვის ხის განთავსება არ ხდის სტერილურს იმ ადგილს".