ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის შემთხვევაშიც, პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ. On.ge-სთან საუბარში სალაძე განმარტავს, რომ ნაძვის ხის დადგმა არ გამორიცხავს, რომ იქვე, იმ ტერიტორიაზე იყოს სხვა ტიპის მოვლენაც:

"ეს იქნება ფეხზე მდგომი თუ მწოლიარე ადამიანების მონაწილეობით, ეს მათი გადასაწყვეტია. არ ვლაპარაკობ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ნაძვის ხის განთავსება არ ხდის სტერილურს იმ ადგილს".

დღეს, 9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ თბილისის მერია სთხოვს, ნოემბრიდან გაათავისუფლონ პარლამენტის წინ დაკავებული ტერიტორია, რათა საახალწლო ნაძვის ხე დაიდგას. მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიიდან გადასვლას. ამაზე თბილისის მერმა შვილმოკლულ მამებს ურჩია, რაიმე ისეთი ადგილი შეარჩიონ სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება. კალაძემ თქვა, რომ თუკი მოთხოვნა არ შესრულდება, "კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ყველასთვის".

სარალიძის განმარტებით, თბილისის მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით პირველ ნოემბერს მიმართეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ აქციას უკვე ორი თვეა მართავენ.