ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ქართულ ოცნებაში გამართულ საგანგებო ბრიფინზე იმ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს მოხდა.

საუბარია შემთხვევაზე, როცა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ლანა ღვინჯილიამ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გია ვოლსკის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციით ცდილობს იმ რეალობის გადაფარვას, რომელიც 2008 წელს "დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად" მიიღო.

"ეს[ოკუპაცია] იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, ქართული ოცნება არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან.

"ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს", — განაცხადა გია ვოლსკიმ.