ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ On.ge-ს მიაწოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ამბროლაურის შტაბის ხელმძღვანელი არჩევნებზე, 28 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მისაყვანად ფულს პარტიისგან ითხოვს.

დოკუმენტის მიხედვით, საოლქო შტაბის უფროსი პარტიის გენერალურ მდივანს, ირაკლი კობახიძესა და რეგიონულ მდივანს 1 125 ლარს სთხოვს. წერილით ირკვევა, რომ თანხა გათვლილია თბილისიდან და ქუთაისიდან 26 ამომრჩევლის ამბროლაურში ტრანსპორტირებისა და კვებისათვის.

ფოტო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია

ქართული ოცნების პრესსამსახურში On.ge-ს რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ განუცხადეს, რომ დოკუმენტის ავთენტური არაა. მათივე განმარტებით, აუდიტის სამსახურს ყველა ხარჯის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

საქართველოს კანონმდებლობით, კანდიდატის საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს სპეციალური ფონდიდან. შეწირულობები, რომელიც ფონდში არ არის ასახული უკანონოდ ითვლება. აქედან გამომდინარე, საიამ ფაქტის შესწავლის და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა.