მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა, სადაც რუსი ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს აბამენ.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საოკუპაციო ზოლთან ჩავიდა იმისთვის, რათა ყველას დაანახოს როგორი პრეზიდენტი იქნება.

"აქ ვარ ჩამოსული, რომ ვისაუბრო როგორი პრეზიდენტო ვიქნები. ჩვენ აღვკვეთთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსთავი 2-ის კითხვაზე, რჩება თუ არა იგივე პოზიციაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ეს არასდროს უთქვამს.

"მე მინდა დღეს გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქარველოს პრეზიდენტი, რომელიც არ დაკარგავს ტერიტორიებს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველი ეთერში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართულმა მხარემ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, რასაც თავად არასდროს დაუშვებს. მას ასევე განაცხადა, რომ საქართველო წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს და სამხედრო ქმედებები პირველად თავად დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპონენტებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.