საქართველოს ფოსტამ ერთ-ერთ მარკაზე, მშვიდობის ხიდს ინგლისურ ენაზე თავისუფლების ხიდი (Freedom Bridge) დააწერა.

ფოსტაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ხიდს თავიდან თავისუფლების ხიდი ერქვა, მოგვიანებით სახელი შეეცვალა და დაერქვა მშვიდობის ხიდი. ფოსტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ Google-ში ძიებისას სახელის ორივე ვარიანტი იძებნება:

"ორივე სახელი შერჩა ხიდს, ამიტომ დიზაინერმა გადაწყვიტა, ორივე გამოეყენებიდა მარკაზე".

თბილისის რიგით მე-11 ხიდი იტალიელმა არქიტექტორმა, მიკელე დე ლუკიმ 2009-10 წლებში ააგო. მან 2011 წელს წიგნი გამოსცა სახელწოდებით "მშვიდობის ხიდი" (Il Ponte della Pace).

როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან და რუსულ ვიკიპედიაში, ასევე სხვადასხვა ინგლისურ, ქართულ თუ იტალიურ ენაზე დაწერილ სტატიაში, თბილისის "შუშის ხიდი" მოხსენიებულია, როგორც "მშვიდობის ხიდი". როგორც Google-ის რუკაზე, ასევე, TripAdvisor-ზე ადგილმდებარეობა აღნიშნულია, როგორც "მშვიდობის ხიდი" (Bridge of Peace).

სახელის "თავისუფლების ხიდი" (Freedom Bridge) ძიებისას Google იმავე ხიდის ფოტოებს ეძებს, თუმცა ბმულზე გადასვლისას სტატიაში იგი მოხსენიებულია, როგორც "მშვიდობის ხიდი".

თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა On.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა, ხიდს ოფიციალური სახელი საერთოდ არ აქვს. მისივე ცნობით, აგების დღიდან სახელი "მშვიდობის ხიდი" "ხალხში გავრცელდა".

ხიდის სახელის თარგმანის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

მშვიდობის ხიდი თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და თბილისის მერიის დაკვეთით ააგეს.