მმართველი პარტიას და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პირველ ტურზე არც იმედები გაუმართლდათ და არც ეგიზტპოლის შედეგები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ფრე ანგარიშით დასრულდა. ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს თითქმის ერთპროცენტიანი სხვაობით გაუსწრო.

ვერმოგებულ არჩევნებს ორდღიანი მდუმარება მოჰყვა. საპრეზიდენტო კანდიდატი არ გამოჩნდა. პასუხების მისაღებად ჩასაფრებულ ჟურნალისტებს კი ზურგია აქცია და განუცხადა "როცა დავაპირებ, გეტყვით". ზურაბიშვილის "დამალვამ" და ქართული ოცნების შეცვლილმა რიტორიკამ საზოგადოებას აფიქრებინა, რომ მმართველი პარტია კანდიდატს გაემიჯნა და ის ამიტომ არ ჩანდა. თუმცა, მოლოდინები არ გამართლდა.

მმართველ პარტიაში განხილვები დასრულდა და 30 ოქტომბერს შუადღეზე, ზურაბიშვილმა საუბარი "დააპირა", ამიტომ, ჟურნალისტები თავის შტაბში საღამოს 8 საათზე დაიბარა. კანდიდატმა ოცნების დეპუტატების გარემოცვაში გვამცნო, რომ ვაშაძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

თუმცა, უკვე მეცხრე დღეა საზოგადოებისთვის უცნობია, სად არის პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა საზოგადოებამ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიოს. On.ge-მ სცადა პასუხები ზურაბიშვილის პრესსამსახურში მიეღო, თუმცა ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა.

განახლება: სალომე ზურაბიშვილი მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

9 პოსტი 9 დღეში — წინასაარჩევნო აქტივობა

ზურაბიშვილის 615 572 ამომრჩეველს (პირველი ტურის შედეგებით) მისი კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ ფეისბუქიდან შეუძლია. კანდიდატის ანგარიშს კი ამ ეტაპზე 28 447 გამომწერი ჰყავს.

ამ 9 დღეში სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე 9 პოსტი გამოაქვეყნა. პირველი პოსტით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებული ინფორმაცია გაუზიარა. მეორე პოსტით ხელისუფლება შეაქო იმისთვის, რომ კანაფის კონტროლის კანონპროექტი გამოიწვიეს.

მესამე დღეს მესამე პოსტით კანდიდატმა, ქართული დემოკრატიის დღე მოგვილოცა. 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა კიდევ ორი პოსტი დადო. მეოთხე პოსტი საპატრიარქოს განცხადება იყო, რომლის გაზიარებისას კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა და უტიფრებად მოიხსენია. მოგვიანებით, ზვიად ზვიადაურის გამოქვეყნებული ფოტო გააზიარა და გვამცნო, რომ ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად ბრძოლა ეამაყებოდა და ქვეყანას რუსეთს არ დაუთმობდა. ეს იყო მეხუთე პოსტი, რომლითაც ზურაბიშვილის დღიური აქტივობა დასრულდა.

4 ნოემბერს საპრეზიდენტო კანდიდატმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ გაბრაზებული იყო ნიკო ნიკოლაძის გამოფენაზე არ მიწვევის გამო. მეექვსე პოსტში ზურაბიშვილი წერდა "თურმე ნიკო ნიკოლაძის შესახებ გამოფენა ისე უნდა გაიხსნას, არ გამაგებინონ".

5 ნოემბერს კანდიდატმა პირველად ისაუბრა საარჩევნო კამპანიაზე. უფრო ზუსტად კი, მეშვიდე პოსტში გაგვახსენა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას შესთავაზა ქუთაისი საქართველოს კულტურის დედაქალაქად ექციათ.

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საპრეზიდენტო კანდიდატის საუბარი არჩევნებს შეეხო. თუმცა, შეგვიძლია ზურაბიშვილის მერვე პოსტიც საარჩევნო კამპანიის ნაწილად აღვიქვათ, რადგან კანდიდატმა 7 ნოემბერი გაიხსენა და თქვა, რომ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

ამ დროის მონაცემებით [02:38 8/11/2018] ბოლო, მეცხრე პოსტში კანდიდატმა დაპირება გასცა, რომ პრეზიდენტზე პოსტის მოსვლისთანავე მავთულხლართების და ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად იმუშავებდა.

ამავე პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე 4 პოსტი გამოქვეყნდა. აქედან სამი იმის იდენტური იყო, რასაც მის ანგარიშზე პოსტავდა. მეოთხე კი გვამცნობდა, რომ კანდიდატი 5 ნოემბერს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღებას დაესწრო, ირაკლი კობახიძესთან ერთად.

როგორც ოცნების დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას მხოლოდ მეორე ტურის თარიღის დანიშვნის შემდეგ დაიწყებს. თარიღის გამოცხადებას ცესკო არ ჩქარებს. მანამდე კი არჩევნების მოსაგებად, ზურაბიშვილის ნაცვლად, ქართული ოცნება მუშაობს.

გეგმა #48: არჩევნების მეორე ტური

მმართველმა პარტიამ აღიარა, რომ მათმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნები მათივე არასწორი პოლიტიკის გამო წააგო, ამიტომ "შეცდომების" გამოსწორება სცადა. მეორე ტურის მოსაგებად, პირველ რიგში, ხელისუფლებამ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შემზღუდავი რეგულაციები გადაავადა და 1-ლი ნოემბრიდან არ აამოქმედა.

შემდეგ, კი კანაფის კულტივაციის კანონპროექტი გამოიწვია და საპატრიარქოს შემოსარიგებლად განაცხადა, რომ სამომავლოდ, შეზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკის შესახებ. გარდა ამისა, მთავრობამ გადაწყვიტა 70 მილიონი დახარჯოს და სოციალურად დაუცველს ბავშვებს დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაუზარდოს.

იყო იდეები ხალხში გასვლისა და ამომრჩევლის ჩახუტების შესახებაც. თუმცა, ეს გეგმა, რატომღაც, არ შესრულდა. საგამიეროდ, მხარდამჭერებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილმა ხალხს ბოდიში მოუხადა და ძველ გვარდიას დასახმარებლად უხმო, თან დაპირდა, რომ ღვაწლი დაუფასებელი არ დარჩებოდა.

მალევე გამოჩნდა დავით ნარმანია, რომელმაც თქვა, რომ გვარდია არასდროს დაუტოვებია. ასევე გააქტიურდა პრემირის პოსტის დატოვების შემდეგ გაუქმებული გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქგვერდიც. ოცნების ლიდერები კი რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებსა და მერებს შეხვდნენ.

დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა მთავრობის ინიციატივები გვამცნო და საზოგადოებას შეახსენა, რომ სამხედროებს ბინები დაურიგდებათ და მესაზღვრეებს ხელფასი გაეზრდებათ.