ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახური კრწანისის ოლქში სამაგიდო სიების დალუქვის საკითხს სწავლობს. ცესკოში On.ge-ს განუცხადეს, რომ წინასწარი გამოკითხვით, საქმე ეხება "დალუქვის პროცედურების დარღვევას". უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის ეს ფაქტი გუშინ, 7 ნოემბერს გახდა ცნობილი და უკვე გამოიკითხა ცხრა პირი.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კრწანისის ოლქში დალუქული სამაგიდო სიები გახსნეს და უსაფრთხოების სამსახურში გადაგზავნეს.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე, გიორგი ვაშაძემ ვიდეომასალა წარმოადგინა და თქვა, რომ კადრები კრწანისის ოლქშია გადაღებული.

"სამაგიდო სიები, რომლებიც უნდა იყოს დალუქული და შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და წაიღეს სუსში გარკვეული მაქინაციების ჩასატარებლად", — ამბობს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს დაადგინოს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც არ მივიდნენ არჩევნებზე და მათი ხმებით მანიპულირება შეძლონ.

ცესკო, ასევე წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, არ ადასტურებს ოპოზიციის ინფორმაციას, რომ ამომრჩეველთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაიტანეს. თუმცა, მათივე ცნობით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მათ შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

სიების გადატანის შესახებ ოპოზიციის განცხადებას სუს-ში "აბსურდულს" უწოდებენ. On.ge-სთან საუბარში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.