აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯეფ სეშნსი, რომელიც ბოლო თვეებში პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდა. სეშნსის გათავისუფლების შესახებ ტრამპმა ტვიტერზეც დაპოსტა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც BBC წერს, თავის წერილში სეშნსმა აღნიშნა, რომ თანამდებობა ტრამპის მოთხოვნით დატოვა:

"ძვირფასო პრეზიდენტო, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ვტოვებ თანამდებობას".

ჯეფ სეშნსი რესპუბლიკელი სენატორია, რომელიც 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ტრამპის საარჩევნო გუნდის წევრი იყო და აქტიურად უჭერდა მას მხარს. თუმცა შემდგომში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა სეშნსი ხვდებოდა რუსეთის ყოფილ ელჩს სერგი კისლიაკოვს.

როდესაც ეს ამბავი ცნობილი გახდა, სეშნსი უკვე გენერალური პროკურორი იყო და 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიებას კურირებდა. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა, თუმცა გამოძიებას ჩამოშორდა და მისი ზედამხედველობა თავის მოადგილეს, როდ რეზენსტაინს გადააბარა. შემდგომში კი რეზენსტაინმა რუსეთის გამოძიება ცალკე გამოყო და მას სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი დაუნიშნა.

მას შემდეგ რაც სეშნსი გამოძიებას ჩამოშორდა ტრამპს ის არაერთხელ გაუკრიტიკებია. სხვადასხვა ინტერვიუში მას სეშნსზე უთქვამს, რომ ის "ძალიან სუსტია".

დონალდ ტრამპისა და ჯეფ სეშნსის ურთიერთობაზე საუბარია Washington Post-ის რედაქტორის, ბობ ვუდვორდის წიგნში. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ტრამპი აშშ-ის გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშნს პირადად არაერთხელ დაესხა თავს და "გონებრივად ჩამორჩენილსაც" ეძახდა.