კოალიცია ქართულ ოცნების ერთ-ერთი ყოფილი წევრი თავისუფალი დემოკრატებიდან, ნინო გოგუაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე იყო. მაშინ ის იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა და ამბობს, რომ დარბევა თავის თავზე გამოსცადა.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი ძალა, რომელიც ახლა იმდროინდელ ქმედებებს აპროტესტებს, მაშინ იზიარებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს:

"მე ვიყავი ყველა იმ აქციაზე ქართული ოცნების მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანებისგან განსხვავებით. ძალიან კარგად მახსოვს მაშინ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილს. კახი კალაძე კი მის მხარდამჭერებს შორის იყო საპრეზიდენტოა არჩევნების წინ", — ამბობს გოგუაძე On.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ კალაძე მაშინ ერთადერთი იყო მხარდამჭერებს შორის, რომელიც სააკაშვილის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე აკრიტიკებდა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც თვითონ მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციის დარბევაში.

"ეს, დღეს რაც ხდება, არის საშინელება. ეს ქვეყანა იმართება სიძულვილით და ძველი ჭრილობების მუდმივი მარილის მოყრით. მან გადმოიბარა ყველა ის ძალადობრივი სისტემა, იმ ადამიანების ჩათვლით, რომელიც ძალიან უკანონო დავალებებს ასრულებდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს", — განმარტავს გოგუაძე.

7 ნოემბერი

2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი იმედის ოფისშიც შეიჭრა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა. არჩევნებში ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა.