10 ნოემბერს ქართველ მორაგბეებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ იტალიასთან. უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ ეს ის გუნდია, რომელსაც საქართველო ერთი საფეხურით უსწრებს რეიტინგში, თუმცა ისინი ექვს ერში არიან, ჩვენ კი - არა.

10 ნოემბერი ასევე ის დღეა, როცა შეგვიძლია, ქართველ მორაგბეებს კილომეტრების იქითაც ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება გამოვხატოთ იმის გამო, რასაც აკეთებენ: დაწყებული შთამბეჭდავი გამარჯვებებით, დასრულებული პატრიოტიზმის შეუდარებელი აქტებით.

სწორედ ამ მიზნით, რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორმა აისიმ რაგბის კავშირთან ერთად გადაწყვიტა, ქართველი მორაგბეების უამრავი გულშემატკივარი შეეკრიბა ღონისძიებაზე, რომლის ანალოგიც, სავარაუდოდ, არ გაგახსენდებათ.

10 ნოემბერს, 16:30-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს რესპუბლიკის მოედანზე, ხელი გულზე დაიდოს და საქართველოს ჰიმნი იმღეროს. ჩვენი ნამღერი კი ფლორენციაში თამაშის დაწყებამდე, უდიდესი სტადიონის ეკრანიდან გაიჟღერებს.

ყველა სპორტსმენმა და გულშემატკივარმა იცის, რა რთულია სტუმრად თამაში და რამდენად დიდი სტრესია, როცა სტადიონზე შეკრებილი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას შენი მარცხის იმედი აქვს. ამ შეგრძნებას შეუძლია, გადამწყვეტ მომენტში ლელოს ძალა გამოგაცალოს და ბოლო წუთებზე თამაშის ბედი განსაზღვროს.

10 ნოემბერს, იტალიასთან მატჩში პირველად გვექნება შესაძლებლობა, სტუმრად თამაში გამარჯვებად გარდავსახოთ და ქართველ მორაგბეებს თავი ისე ვაგრძნობინოთ, როგორც სახლში.

რაგბი გვაერთიანებს – გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ