უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, რაც მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე პატარა "უფრთო" ჩიტი სამხრეთ ატლანტიკის შუაში არსებულ დაუსახლებელ კუნძულზე.

ლაინა (Atlantisia Rogersi) უკაცრიელ კუნძულზე გამომწყვდეული პატარა ჩიტია, რომელსაც ფრენის უნარი არ გააჩნია. მისი სიგრძე მაქსიმუმ 17 სანტიმეტრს აღწევს. ლაინას ეს კონკრეტული სახეობა მსოფლიოში მხოლოდ ამ კუნძულზე ცხოვრობს, რის გამოც მისი ევოლუციური წარსულის განსაზღვრა რთულია.

როდესაც მეცნიერებმა ჩიტი პირველად აღმოაჩინეს, მათ ჩათვალეს, რომ ფრინველის წინაპრები კუნძულზე რომელიმე სახმელეთო ხიდის საშუალებით მოხვდნენ, რომელიც უკვე დიდი ხანია ოკეანემ დაფარა.

როგორც დნმ-ის თანამედროვე ანალიზით ირკვევა, ლაინას წინაპრებს ფრთები ჰქონდათ და ისინი კუნძულზე დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინ მოფრინდნენ. დღეს, ფრინველის ყველაზე ახლო გენეტიკური ნათესავები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ. მეცნიერების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ლაინას წინაპრებმა მოგზაურობა სამხრეთ ამერიკიდან დაიწყეს, თითქმის 3 000 კილომეტრი, ანუ ატლანტის ოკეანის ნახევარზე მეტი გადაიფრინეს და პირველივე შემხვედრ კუნძულზე გაჩერდნენ.

კუნძულის ადგილმდებარეობა

კუნძულის ადგილმდებარეობა

ფოტო: Google Maps

"როგორც ჩანს, ლაინებს ახალი კუნძულების კოლონიზაცია და განსხვავებულ გარემო პირობებთან შეგუება კარგად გამოსდით", - აცხადებს ევოლუციური ბიოლოგი და კვლევის ავტორი მარტინ სტერვანდერი.

ახალი კვლევის შედეგებით, კუნძულზე დასახლების შემდეგ ფრინველებმა გარკვეული ცვლილებები განიცადეს - წინაპრებისგან განსხვავებით, ლაინებს ახლა უფრო ძლიერი ფეხები, გრძელი ნისკარტი და განსხვავებული შეფერილობა აქვთ.

ლაინამ ასევე დაკარგა ფრენის შესაძლებლობა - უნარი, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. ლაინებს ფრთები კვლავ გააჩნიათ, თუმცა ისინი ფრენისთვის ზედმეტად პატარაა.

"ფრინველს კუნძულზე არავინ ემტერება, შესაბამისად მათ მტაცებლებისგან გასაქცევად ფრთები არ სჭირდებათ. ათასობით წლის განმავლობაში კი მათ ნელ-ნელა ფრენის უნარი სრულად დაკარგეს", - აცხადებს სტერვანდერი.

კვლევის თანაავტორი ბენგ ჰენსონი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ კუნძულზე უცხო სახეობების მოხვედრა, რადგან ამან შესაძლოა უიშვიათესი ლაინას გადაშენება გამოიწვიოს.