დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსის გამოჩენას საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში, ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეიძლება ველოდოთ.

იმნაძის თქმით, ყველა პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ამ ტიპის ვირუსის ცოტა შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, ხოლო ყველაზე მეტი შემთხვევა შესაძლოა, თებევრლის თვეში გამოვლინდეს. მისივე პროგნოზით, გრიპის ვირუსი ცივი ამინდების შემთხვევაში მეტად გავრცელდება.

"ეპიდემიურ ზღვარს არ უნდა მივაღწიოთ, ჩვეულებრივი სეზონი იქნება, როგორც ყველა ზამთარში. არაფრით არ განსხვავდება წლევანდელი მაჩვენებელი ბოლო ორი წლის მაჩვენებლისგან", — აღნიშნა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მართალია, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ქვეყანაში არ გავრცელებულა, თუმცა ამჟამად არის გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები, რომლებიც "გაციების ვირუსის" სახელითაა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მოსალოდნელ გრიპის ვირუსთან გასამკლავებლად შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

  1. გაციებისა და გრიპის შემთხვევაში სამსახურში მისვლისა და ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდება;
  2. ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა — ამ დროს ცხვირსა და პირზე ხელსახოცის ან მკლავის მიფარებაა რეკომენდებული. თუ ვირუსი ხელზე მოხვდა და ხელი სხვა რამეს შეეხო, მისი გავრცელება ბევრად მარტივია, რადგან ვირუსი ცივ გარემოში ცოცხალი დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში რჩება;
  3. ხელების ხშირად დაბანა — გარეთ ყოფნის შემთხვევაში სასურველია ხელების დამუშავება ან სველი ხელსახოცის ტარება;
  4. ვაქცინაცია — სახელმწიფო პროგრამით ვაქცინაცია უფასოა შემდეგი ჯგუფებისთვის: დიაბეტიანი ბავშვები, ჰემოდიალიზიანი პაციენტები, ც ჰეპატიტის მქონე პაციენტები, აივ ინფიცირებულები, მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლში მყოფი პირები, ორსულები. ამ შემთხვევაში მაღალი რისკჯგუფია ექიმებიც. სახელმწიფო პროგრამით წელს 40 ათასი ადამიანის აცრა უკვე მთავრდება.