შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმა "სამხედრო გეტოს" შემოსაზღვრად შეაფასა.

"დღეს, რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის ის, რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, რომელშიც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი, ქმნიან გაუსაძლის პირობებს", — განაცხადა ციხელაშვილმა ატოცში ყოფნისას.

6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების უკანონო გაბმა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.