სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას! საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქსენოფობიურს, ანტისოციალურსა და ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელს უწოდებს. საქმე ეხება სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ტურისტების მოზიდვაზე დისკრიმინაციულ კონტექსტში საუბრობს:

"ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, კი არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები. იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება, მაგალითად, მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა კაცი. როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება".

არა ფობიას! მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება ეთნიკური და სოციალური/კლასობრივი ნიშნით პირთა დისკრიმინაციის წახალისებაა და აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების მარგინალიზაციას აღმავებს. მათივე პოზიციით, ამგვარ განცხადებებს თანასწორობაზე უარყოფით გავლენა აქვს და ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებასა და პოლიტიზებას უწყობს ხელს.

არა ფობიას! განცხადებაში წერს, რომ აღნიშნული პოზიცია ანტიმიგრანტული რიტორიკის შემცველია და ეს სოციალური უსამართლობიდან კულტურულ საკითხებზე ყურადღების ხელოვნური გადატანის მცდელობაა. ამასთან, სამოქალაქო პლატფორმა მსგავს განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მოზიდვის გზად მიიჩნევს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყოფილი პრეზიდენტი ქსენოფობიურ კონტექსტში საუბრობს. სააკაშვილმა იქამდე თქვა, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის მქონე პირებს "ქართველების სამუშაო ადგილები მიაქვთ". ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განმარტებით, აღნიშნული მოსაზრება ქსენოფობიურია.

ამასთან, არა ფობიას! იხსენებს ექსპრეზიდენტის მიერ რუსთავი 2-ის ეთერსა და ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ შემდეგი შინაარსის განცხადებებს:

"...ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ".

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • კავშირი საფარი;
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement).