პირველ რიგში გეტყვით, რომ შინაური ცხოველი დიდი პასუხისმგებლობაა და ბევრ ყურადღებას საჭიროებს. მათი სახლში მოყვანის პირველივე წამიდან ვალდებული ვართ, რომ უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ და საკვებით ან საჭიროების შემთხვევაში საჭირო სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველვყოთ.

ახლა კი შედარებით სახალისო ნაწილზე გადავალ და იმ "საბედისწერო შეცდომებზე" მოგიყვებით, რომელიც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობაში არაერთხელ დამიშვია.

დიახ, ძაღლები და კატები საყვარელი, ერთგული არსებები არიან და არც ის არის საკამათო, რომ დამღლელი დღის ბოლოს მათთან თამაში და გართობა, განსაკუთრებულად გემრიელი კერძის ბოლო ლუკმასავითაა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ გატუტუცებაში ხელი უნდა შევუწყოთ.

განვლილმა წლებმა კი დიდი ცოდნა შემძინა და შემიძლია ახალბედა პატრონებს, რომლებსაც ცხოველები, მათი ფუმფულა ბეწვის გამო, ან შვილის დაჟინებული მოთხოვნით, ყოველგვარი მომზადების გარეშე მოჰყავთ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

ნახეთ 7 შეცდომა, რომელიც შინაურ ცხოველთან ურთიერთობაში დამიშვია:

1. არაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ ბანაობა შეჰყვარებოდა

ფოტო: giphy

სისუფთავე მნიშვნელოვანია, ამიტომ, ცხოველი აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ დაბანას. ბანაობის შემდეგ თუ გიგინაწყენდათ, ნუ იდარდებთ - მისი გულის მოგება საკვების დამატებითი ულუფითაცაა შესაძლებელი.

წყლის მიმართ მეტი ინტერესი კი წამახალისებელი საკვებით ან ჭყიპინა წყლის სათამაშოებით შეგიძლიათ გუაჩინოთ.

2. ჩემს ლოგინში დაძინების უფლებას ვაძლევდი

ფოტო: giphy

კნუტის საწყალ თვალებს ვერ უძლებთ და თქვენთან დაძინების უფლებას აძლევთ? მესმის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კნუტი მალე წამოიზრდება, თქვენ კი პირადი სივრცის გარეშე დარჩებით.

ამ პრობლემას ლოგინთან ძველი პლედის დაფენით მარტივად გადაჭირთ.

3. ვეგუებოდი, რომ ჩემი ახალი ნივთები "ნადირობანას" თამაშის დამატებითი მიზეზი იყო

ფოტო: giphy

შინაურ ცხოველებს უნდა ასწავლოთ, რომ ყოველდღიური ნივთებით თამაში დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ახალი ფეხსაცმელი, ტელეფონი ან საფულე გასაფუჭებლად იქნება განწირული.

თუ შეამჩნევთ, რომ ცხოველი ზედმეტად ცნობისმოყვარეა, დატუქსვას ნუ მოერიდებით. გასართობად კი მათთვის განკუთვნილი სათამაშოები მიეცით.

4. საჭმელს საკუთარი თეფშიდან ვუყოფდი

ფოტო: giphy

ასე არასდროს მოიქცეთ. ცხოველთან საზიარო თეფში თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია. ყოველი საუზმე, სადილი, თუ ვახშამი კი ნამდვილ ტანჯვად გადაიქცევა, რადგან თქვენი სიკეთით გათამამებული მსუნაგი ცხოველი ულუფის განაწილებას მომავალშიც დაჟინებით მოგთხოვთ.

5. დაუსრულებლად ვაჭმევდი და თავი კარგი პატრონი მეგონა

ფოტო: giphy

ცხოველების დაუსრულებელი გამოკვება მზრუნველ პატრონად ვერ გაქცევთ. პირიქით, ზედმეტი ჭამა მათ ჯანმრთელობას აზიანებს. რომ არაფერი ვთქვათ ჭარბ წონაზე, რის გამოც საშინლად ზარმაცდებიან და გადაგდებული ჯოხის/სათამაშოს მოტანასაც აღარ კადრულობენ.

განსაკუთრებულად მოერიდეთ მათთვის ძვლების და ტკბილეულის მიცემას.

6. მაგიდაზე ხტომას და სირბილს არასდროს ვუკრძალავდი

ფოტო: giph

ცხოველებს ელემენტარული ზრდილობა ასწავლეთ და აუხსენით, რომ მაგიდაზე (იქ სადაც ვსადილობთ) ხტომა და სირბილი არ შეიძლება.

ძნელი არ არის, სცადეთ და მიხვდებით, რომ თითოეული სიტყვა კარგად ესმით. განსაკუთრებით, ცუდი ბიჭი ხარ/კარგი ბიჭი ხარ - სიტყვათა კომბინაციას ანსხვავებენ და იმახსოვრებენ.

7. არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ სტუმრები არ მოსწონდა

ფოტო: giphy

ცხოველმა უნდა იცოდეს, რომ პატრონი, საჭმელი და სახლი მხოლოდ მისი საკუთრება არ არის და ზოგჯერ სტუმარსაც უნდა შეეგუოს.

თქვენი ძაღლი (ან კატა) კარგი მასპინძელი იქნება, თუ მეგობრის მოსვლისთანავე სხვა ოთახში არ გამოკეტავთ და ახალ ადამიანებთან ურთერთობის შანსს მისცემთ.