ფეისბუქმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბის მიერ გავრცელებული რასისტული და ანტისაიმიგრაციო ვიდეორგოლის გავრცელება შეაჩერა, წერს CNN. როგორც კომპანია აცხადებს, ვიდეოს განთავსება დაშვებულია, თუმცა მისი ფასიანი გავრცელება — არა.

ვიდეორგოლი შტაბმა კონგრესის 6 ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის გაავრცელა. ვიდეორგოლში საუბარია მიგრანტების ქარავანზე, რომელიც ჰონდურასიდან მექსიკისა და აშშ-ს საზღვრისკენ მიიწევს. ისინი დამნაშავეებად და საშიშ ადამიანებად არიან გამოყვანილები. ვიდეოს გავრცელებისთვის რამდენიმე ათეულობით ათასი დოლარი იყო გადახდილი.

ფეისბუქმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც NBS და Fox News ვიდეორგოლის გავრცელებაზე უარი თქვეს. რასისტული შინაარსის გამო სარეკლამო დროის გაყიდვაზე უარი თქვა CNN-მაც.

რამდენიმე დღის წინ დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტებისათვის თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის შეზღუდვას აპირებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით შვიდი ათასი მიგრანტი მიემართება. მიგრანტები თავიანთ ქვეყანას გაჭირვების, კორუფციისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებენ. ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტების ქარავანში "ბევრი დამნაშავე და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული უცნობი ხალხია".

6 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც წარმომადგენლობითი პალატის წევრებსა და სენატის მესამედს აირჩევენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებზე დემოკრატიულ პარტიას გამარჯვების შანსი აქვს.