სილამაზის კონკურსი მის ტრანს ვარსკვლავი 2010 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება. წელს ღონისძიებას, ტრადიციულად, ესპანეთმა უმასპინძლა, გვირგვინი კი ტაილანდელმა კონკურსანტმა, 23 წლის კულჩაია ტანსირიმ დაიმსახურა.

კულჩაია წლებია, რაც სამოდელო კარიერით არის დაკავებული. ტაილანდში მას პანტენის რეკლამითაც იცნობენ.

"ჩემთვის ეს არა მხოლოდ სილამაზის კონკურსი, არამედ ტრანსგენდერების პრობლემებზე სასაუბროდ ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ", - დაწერა მოდელმა ფეისბუქზე გამარჯვების შემდეგ.

ტაილანდელი მოდელის ინსტაგრამის გვერდით თუ ვიმსჯელებთ, მას კონკურსს მიღმაც საკმაოდ აქტიური და საინტერესო ცხოვრება აქვს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ამ კონკურსზე საქართველოსაც ჰყავდა საკუთარი წარმომადგენელი. მართალია, კესარია აბრამიძემ პირველი ადგილი ვერ დაიკავა, მაგრამ ფინალურ ხუთეულში მოხვდა.