ავსტრალიელმა მუსიკოსმა ნიკ ქეივმა ემოციური ღია წერილით უპასუხა ფანს, რომელიც გულისტკივილს გამოხატავდა ახლობელი ადამიანების გარდაცვალების გამო.

ქეივმა წერილში თავის შვილზე, არტურზე ისაუბრა, რომელიც 2015 წელს, ინგლისში, ბრაიტონში კლდიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. არტური მაშინ 15 წლის იყო.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და, მამა და პირველი სიყვარული დავკარგე. მე მათ სიზმრებში ვხედავ და მათთან ჯერაც ვსაუბრობ, ეს თითქოს მეხმარება კიდეც. შენ და სიუზი [ნიკ ქეივის ცოლი] გრძნობთ, რომ არტური თქვენთანაა? გაქვთ მასთან რამე გზით შეხება?" - ჰკითხა ფანმა ნიკ ქეივს.

მუსიკოსი ფანებთან საკომუნიკაციოდ საიტს The Red Hand Files იყენებს, სწორედ აქ უპასუხა მან კითხვას ვრცელი ღია წერილით, რომლის წაკითხვაც აღელვების გარეშე გაგიჭირდებათ.

"როცა გვიყვარს, ვგლოვობთ. ჩემი შვილი აქ არაა, მაგრამ მის არსებობას ყველგან ვგრძნობ", - დაწერა მან.

წაიკითხეთ ნიკ ქეივის ღია წერილი სრულად:

ძვირფასო სინტია

ეს ულამაზესი შეკითხვაა და მადლობელი ვარ, რომ დამისვი. ასე მგონია, რომ თუ გვიყვარს, ვგლოვობთ კიდეც. ასეთია პირობა. სიყვარული და მწუხარება სამუდამოდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, სევდა მტკივნეული შემახსენებელია იმის, თუ რა ღრმაა ჩვენი სიყვარული და სევდაც, როგორც სიყვარული, შეუვალია.

მწუხარება ხანდახან ზედმეტად დიდია ჩვენი მინიატურული არსებობისთვის. მის წინაშე ჩვენ ატომების პაწაწინა, მოცახცახე გროვა ვართ. ტკივილი ჩვენი არსებობის უმთავრეს ნაწილს იკავებს, ხანდახან კი, მასაც სცდება და ჩვენი თითებიდან სამყაროს საზღვრებამდე ვრცელდება. ამ წრიულ ბრუნვაში ყველანაირი სიგიჟე გვხვდება: მოჩვენებები, სულები, სიზმრებში სტუმრობა და ყველაფერი, რასაც მწუხარებისგან შეძრულები, ვნატრობთ, რომ არსებობდეს. ეს ის ძვირფასი საჩუქრებია, რომლებიც იმდენადვე რეალური და ნამდვილია, რამდენადაც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. ეს სულები სიბნელიდან გამოსვლაში გვეხმარებიან.

მე ვგრძნობ ჩემი შვილის არსებობას ყველგან, იმის მიუხედავად, აქაა თუ არა. მე მესმის, როგორ მელაპარაკება, მზრდის, მიმიძღვება, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ჩემ გვერდით აღარ იყოს. ის გამუდმებით სტუმრობს სიუზის სიზმრებში, ესაუბრება მას და ამშვიდებს, იმის მიუხედავად, აქაა თუ არა.

მძიმე მწუხარება ცხად ფანტომებს იწვევს. ეს სულები უბრალოდ იდეებია. ეს ჩვენი შეყოვნებული წარმოსახვაა, რომელიც დიდი უბედურების შემდეგ იღვიძებს. იდეებივით, ეს სულებიც ეძებენ შესაძლებლობას. მიჰყევი ამ იდეებს, რადგან მათ მეორე მხარეს ზრდა, განვითარება და განკურნებაა. შექმენი საკუთარი სულები. მოუხმე მათ. აცოცხლე და ელაპარაკე.

სწორედ მათი არარსებული და მოჩვენებითი ხელები გვეხმარებიან დავუბრუნდეთ სამყაროს, რომლიდანაც მწუხარებამ გამოგვდევნა. დავუბრუნდეთ უკეთესები და სამუდამოდ შეცვლილები.

სიყვარულით, ნიკი.