მუსიკის რიტმების, ცრემლების და ალკოჰოლის ნაზავით გუშინ, Black Sea Arena-მ ანშლაგს უმასპინძლა.

გერმანული როკი...

მსოფლიო ტურნე...

შეკვეთილის ადუღებული ჰაერი...

ქართულ-ინგლისური - გამარჯობა ჯორჯია და დაიწყო...

ასე მარტივად, მოხდა მოვლენა, რომელიც მსმენელმა ლეგენდარულად შეაფასა. გუშინ, შეკვეთილში, გაცოცხლდა მსოფლიო როკ-კულტურა და საქართველომ მცირე ვუდსტოკს უმასპინძლა სექსის და ნარკოტიკების გარეშე, ალკოჰოლში და სკორპიონსის ნოტებში ნაპოვნი თავისუფლებით.

7 საათზე დაანონსებულმა კონცერტმა დაიგვიანა. 7 საათზე რეგისტრაცია დაიწყო და დარბაზის ეზო მოუთმენლობით დაღლილმა მსმენელმა გაავსო. ისმოდა პრეტენზიები ადმინისტრაციის მიმართ, იგრძნობოდა დაღლაც, თუმცა 9:30 წუთზე ყველაფერი გაქრა. როგორც კი სცენიდან ფარდა ჩამოიშალა და გიტარის პირველი ნოტი გაჟღერდა, მსმენელი მზადყოფნით შეხვდა.

სოლისტის, კლაუს მაინეს კითხვაზე - მზად ხარ საქართველო? მსმენელმა პასუხად გასძახა ფრაზა მათივე სიმღერიდან - "We Will Rock Like a Hurricane"

ფოტო: თამუნა გეგიძე on.ge

პირველი სიმღერის დასასრულს სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე საქართველოს დროშა გამოჩნდა, რასაც დარბაზმა სამადლობელი ოვაციებით უპასუხა. მსვლელობისას ეკრანზე იხილავდით ჯგუფის კლიპებს, სიმღერის ტექსტებს, რომელსაც ყველა ერთხმად ასრულებდა. სცენაზე კი, "სცენაზე ვიხილეთ სასწაული" - აღნიშნა მსმენელმა.

ჯგუფი სკორპიონსი ბლექ სი არენაზე

ჯგუფი სკორპიონსი ბლექ სი არენაზე

ფოტო: თამუნა გეგიძე on.ge

"ამოსუნთქვის უფლება წაგვართვეს"- გაისმა დარბაზში მას შემდეგ, რაც ჯგუფის დრამერმა, მიკი დიმ სოლო პარტია დაასრულა და ესტაფეტა გიტარისტს, რუდოლფ შენკერს დაუთმო. შესვენების გარეშე, მსმენელთან აქტიური კონტაქტით ჯგუფმა შეძლო და "მოგვაჯადოვა, დაგვიმონა, ჩვენი ემოციები დაიმორჩილა"- ასე შეაფასა შესრულება ერთ-ერთმა მსმენელმა.

ფოტო: თამუნა გეგიძე on.ge

აქ იყო ყველაფერი, რაც როკის მოყვარულებს ხიბლავთ. ხარისხიანი ლაივი, დრაივი, ცნობილი ჰიტების ერთობლივი შესრულება, ცრემლები, გიტარის დაწყვეტილი სიმები, ტელეფონის შუქებით ციცინათელებად ქცეული დარბაზი, სცენიდან სამახსოვროდ, გადმოყრილი მედიატორები, დრამერის ჯოხები და რაც მთავარია იყო თავისუფლების ჰიმნი- "Wind of Change". "იმიტომ, რომ ცვლილებების დროა საქართველო"- აღნიშნა კლაუს მაინემ და ვოკალური მონაცემებით თუ მის გარეშე, ყველამ მისცა თავს უფლება ერთხმად ემღერა სიმღერა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის სიმბოლურ ჰიმნად იქცა.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია. ჯგუფმა კონცერტი დაასრულა ისე, რომ ქართველ მსმენელს მუდმივი სიამაყის გრძნობა გაჰყოლოდა. კლაუს მაინე მსმენელისგან საჩუქრად მიღებულ საქართველოს დროშაში გახვეული იდგა სცენაზე და მადლობის ნიშნად აუდიტორიას ტაშს უკრავდა.

ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფის კონცერტს ბლექ სი არენამ, სრული ანშლაგით უმასპინძლა. კონცერტის ბილეთები გაყიდვაში გასვლიდან 5 დღეში ამოიწურა. ბილეთების ფასი 40-დან 100 ლარამდე იყო.