შვიდ არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვის შესახებ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მასშტაბებს. მათთვის მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

მათივე თქმით, გაჟღერებული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს:

"კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულებისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო".

შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება საარჩევნო პერიოდს უკავშირდება. მათივე თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლო დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს:

"იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კონსტიტუციურ პრინციპებთანაც".

ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)