ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელი, 3 ნოემბრის სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს პროკურატურიდან მიაწოდეს.

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და მერის ყოფილი მოადგილე, გია გულორდავა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 21 500 აშშ დოლარი.