სამშაბათს, 6 ნოემბერს, შუადღის 12 საათზე კინოთეატრ ამირანის ფოიეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა ეხება სტიგმის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას #დაინახეყველაფერი. მას ასევე გაუძღვებიან კამპანიის პარტნიორი კომპანიები: კინოთეატრების გაერთიანება და On.ge.

შეხვედრის დროს დაანონსდება გაეროს ბავშვთა ფონდის და კერძო კომპანიების ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა.

6 ნოემბერს, პლატფორმაზე On.ge გაეშვება ონლაინ ვიქტორინა, რომელზეც ინტერნეტმომხმარებლები გაიგებენ, აქვთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტიგმები თუ ცრურწმენები.

On.ge-ზე გამოქვეყნებულ ტესტში ისინი უპასუხებენ შეკითხვებს და სწორი პასუხების შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებენ კინოთეატრის ბილეთებს.

კინოთეატრების ქსელის კავეას დახმარებით, კინოსეანსების დაწყებამდე მაყურებლები ნახავენ კამპანიის #დაინახეყველაფერი ვიდეორგოლებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.

შეხვედრის დროს საუბარი იქნება სტიგმის შემცირების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასა და პოზიტიურ შედეგებზე.

საინფორმაციო შეხედრაში მონაწილეობას მიიღებენ ანტი-სტიგმა კამპანიის #დაინახეყველაფერი ინიციატორი გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, კინოთეატრების ქსელის კავეა მარკეტინგის დირექტორი ირინა კილოსანიძე და On.ge-ს რედაქტორი ანინა ტეფნაძე.

კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

დამატებითი ინფორმაცია:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია.

აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია ხელს უშლის ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

ანტი-სტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

  • გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;
  • დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;
  • ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;
  • ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.