პატრიოტთა ალიანსი მეორე ტურში მხარს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს პარტიაში დაუდასტურეს.

ამ მომენტისთვის ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

არჩევნების მეორე ტური

28 ოქტომბერს ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა რესპუბლიკურმა პარტიამაც.

ვაშაძის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტიიდან და შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

პირველი ტურის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
  • გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
  • შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
  • ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
  • დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.