საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება. მისივე თქმით, ბავშვთა სოციალური დაცვის კუთხით ახალი სისტემა UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავეს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განმარტა, ახალი ინიციატივა 140 ათასამდე ბავშვს შეეხება. მისივე თქმით, ახალი სისტემა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინიციატივა მეორე ტურის წინ დაანონსდა, ბახტაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს არ უკავშირდება.

UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. ანგარიშში წერია, რომ სიღარიბის ყველა დონეზე, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული წილი კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე მთელი მოსახლეობის.

გადაწყვეტილებები მეორე ტურის წინ

28 ოქტომბრის შედეგების შემდეგ მმართველმა გუნდმა "შეცდომების გამოსწორებაზე" დაიწყო საუბარი. მეორე ტურისთვის მოსამზადებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმების ნაკლებობა დეპუტატებმა სხვადასხვანაირად ახსნეს. მაგალითად, დეპუტატი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ თუ "ხალხს მოეფერებიან" და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმეტესობამ უკმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდის პოლიტიკის, კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

კიდევ ერთ მიზეზად კანაფის კულტივაციის კანონპროექტი დასახელდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ითხოვდნენ, რომ კანონპროექტი უკან გაწვეულიყო. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ და კანონი უკან გაიწვიეს.

კიდე ერთი ინიციატივა, რომელიც მეორე ტურის წინ მმართველმა გუნდა დააანონსა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვაა. კობახიძის თქმით, იმსჯელებენ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეზღუდავს.