პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა გამოიწვია. როგორც ზოიძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება, რომელიც ხალხის აზრის წინააღმდეგ მიდის განწირულია.

"სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ვერ მოხდა კარგი კომუნიკაცია და განხილვა საერთო საზოგადოებრივი, ვერ მოხდა იმ გზავნილის მიტანა, რომ ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და რისკები მინიმალურია, დაგვანახა საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოსახლეობასთან შეხვედრებმა და არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა", — განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, თუ არასწორი კომუნიკაცია იყო პრობლემა, რატომ არ სცადა მთავრობამ საინფორმაციო კუთხით გააქტირუება და რატომ გამოიწვია კანონპროექტი ზოიძე პასუხობს, რომ მთავრობამ საზოგადოების დაკვეთას უპასუხა.

"პრინციპული სიჯიუტე, რაც არ უნდა კარგი სარგებელი ჰქონდეს ამ კანონპროექტის შედეგად არასწორია. ხალხმა გვითხრა, რომ მკვეთრი უარყოფითი პოზიციები იყო ამ კანონთან დაკავშირებით, რომელთა გამოსწორებას შეიძლება დაჭირდეს თვეები და წლები და მანამდე დატოვება თემის არ იყო სწორი", — აცხადებს ზოიძე.

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გამოიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

ეკლესია კანაფის წარმოებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა და კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

საპროტესტო პარაკლისებისა და პატრიარქის ქადაგების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქოც ჩართო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს.

კანაფის წარმოების შესახებ ეკლესიის აზრის გათვალისწინების შესახებ ქართული ოცნების არაერთმა წევრმა ისაუბრა. მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, ეკა ბესელიამ, სოფიო კილაძემ და პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

ეკლესიის რეაქციის შემდეგ პარლამენტმა კანაფის კონტროლის კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაავადა და ამ დრომდე უცნობი იყო რას იზამდა ხელისუფლება.