რესპუბლიკურმა პარტიამ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

ბერძენიშვილი 2007 წლის მოვლენებსაც გამოეხმაურა. მის თქმით, ეს საკითხი მოგვარებულია და მადლობელია გრიგოლ ვაშაძის, რადგან, როდესაც ფეისბუქით მიმართა, ამ საკითხით დაინტერესდა და საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა მას ბოდიში მოუხადა.

"მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი ის საქციელი სწორად. საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო. ვფიქრობ, არ არის იოლი, საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილია თუ სხვანაირია, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო, არაა იოლი", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.

2007 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, "ფარული სატელეფონო ჩანაწერები" გაავრცელა, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსს, მათ შორის, ლევან ბერძენიშვილსაც რუსულ კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობას ედავებოდნენ.

არჩევნების მეორე ტური

28 ოქტომბერს ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა რესპუბლიკურმა პარტიამაც.

ვაშაძის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტიიდან და შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

პირველი ტურის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
  • გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
  • შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
  • ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
  • დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.