პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა იმსჯელონ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეზღუდავს.

"შესაძლოა, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება და ზოგადად ნარკოპოლიტიკა. უახლოეს მომავალში დაიწყება მსგავსს კანონპროექტზე მუშაობა, როგორ მოხდება ეს და რა ფორმით არის პრინციპის საქმე და გადაწყვეტილება ამაზეც იქნება მიღებული", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გამოიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.

დოკუმენტი 131 გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე 10 კანონში გამოიწვევდა ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.

კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა. პარლამენტში კანონპროექტის უკან გაწვევაზეც მსჯელობდნენ. ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.

სასულიერო პირებმა აქამდეც გამართეს საპროტესტო აქცია. მათ გააპროტესტეს მარიხუანის ლეგალური მოხმარების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და ბათუმში, გამართულ აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს. პატრიარქმა კი განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის ერის მტრობა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციოა სასამართლოს აკრიტიკებდნენ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებისთვის. სასულიერო პირების გარდა საკონსტიტუციოს დაუპირისპირდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.

გედევან ფოფხაძე აცხადებდა, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არასახელმწიფოებრივი და არასწორი იყო. გუგული მაღრაძეს კი მიაჩნდა, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი და არ ითვალისწინებდა მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებას.