ქართული ოცნების დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დამნაშავე არ არის.

"რა ქნას ამ ერთმა ბიძინამ? აქ ჩვენ ტომი ხომ არა ვართ, რომ ბელადი გვჭირდებოდეს? ანდა რაღაც ფარა ვართ და მწყემსი. ჩვენ საკუთარი სახელი და გვარები გვაქვს, ცხოვრება და ისტორია. ეგება და მე ვერ ვაკეთებ კარგად საქმეს, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი. ბოლოს და ბოლოს მეორე ტურია, რა არის რო", — აცხადებს დეპუტატი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების დათვლამ აჩვენა, რომ პირველი ტურით გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტმა ხმათა ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს, თუმცა სახელისუფლებო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ (37,74%) ზღვარი ვერ გადალახეს.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბერს გაიმართება.