რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შეთანხმებას ხელი მოაწერა. როგორც BBC-ის რუსული გამოცემა წერს, სანქცირებულთა სიაში შევიდა 322 პირი და 68 კომპანია.

სპეციალური ეკონომიკური სანქციების გატარება გულისხმობს რუსეთის ტერიტორიაზე ფასიანი ქაღალდების, ქონებისა და თანხის გაყინვას, ასევე, რუსეთიდან უკრაინაში სახსრების გადატანის აკრძალვას.

სიაში შევიდნენ უკრაინის ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები, სამხედროები და ბიზნესმენები. სანქციები შეეხოთ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, იულია ტიმოშენკოსა და არსენი იაცენუკს, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენი ავაკოვსა და პეტრო პოროშენკოს უფროს შვილს, ალექსეი პოროშენკოს. თვითონ პოროშენკო სიაში არ არის.

"ტრადიციულად სანქცირებულთა სიაში პრეზიდენტები არ შეჰყავთ", - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

გარდა ამისა, სანქციები გავრცელდება რადას დეპუტატებზე, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და მთავრობის მეთაურებზე.

სიაში მოხვედრილი უკრაინელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ ეს არ ადარდებთ. ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მას სანქციები არ აშინებს, რადგან ბიზნესი არ აქვს.

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო კი ამბობს, რომ რუსეთში 90-იანი წლების შემდეგ აღარ ყოფილა.

"სიმართლე გითხრათ, ამ სიას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. მიმაჩნია, რომ ის არ ღირს იმად, რომ უკრაინამ ის სერიოზულად განიხილოს", - განაცხადა ლუცენკომ.

პუტინის სანქციები

22 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გატარდება.

სანქციების დოკუმენტში საუბარია, რომ მსგავსი ზომები მათ მიიღეს, რადგან უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ "არამეგობრული და საერთაშორისო სამართალთან საწინააღმდეგო ნორმები გაატარა". როგორც აღნიშნულია დოკუმენტში, ის გაუქმდება თუ უკრაინა რუსეთის მიმართ შეზღუდვებს უკან გაიწვევს.

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების გამო შემდეგ უკრაინამ სანქციები გაატარა რუსეთის 1 228 მოქალაქისა და 468 კომპანიის მიმართ. ისინი შეეხება რუს პარლამენტარებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მაღალი თანამდებობის პირებს, კულტურის მოღვაწეებსა და მედიის წარმომადგენლებს. ყველა მათგანს ეკრძალება უკრაინაში შესვლა, ხოლო უკრაინული აქტივები ჩამოერთვათ.