აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას მოაწერს ხელს. CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი აპირებს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა შეზღუდოს, რადგან, მისი აზრით, "ლტოლვილებს ამერიკული ხელისუფლება მუდამ შეცდომაში შეჰყავთ".

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედროებს, რომლებიც მან აშშ-მექსიკის საზღვრის დასაცავად გააგზავნა, შეუძლიათ მიგრანტთა ქარავნიდან ნებისმიერს ესროლონ თუ ისინი ქვებს დაუშენენ.

ტრამპმა არ დააკონკრეტა თუ როგორ იმუშავებს ახალი ზომები მიგრანტების მიმართ. როგორც CNN აღნიშნავს, გავრცელებული პრაქტიკიდან გამომდინარე, გაუგებარია თუ რატომ მოიწვია პრეზიდენტმა ბრიფინგი ისეთი გადაწყვეტილების დასაანონსებლად, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით შვიდი ათასი მიგრანტი მიემართება. მიგრანტები თავიანთ ქვეყანას გაჭირვების, კორუფციისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებენ. ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტების ქარავანში "ბევრი დამნაშავე და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული უცნობი ხალხია".