ტელეკომპანია იმედი, იმედის კვირის ჟურნალისტმა, მართა არდაშელიამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თავად ჟურნალისტმა დაუდასტურა. მარტა არდაშელიას თქმით, ის დღეს, პირველ ნოემბერს წამოვიდა სამსახურიდან. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება, ტელევიზიის მიერ არჩევნების მეორე ტურში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას, ჟურნალისტი არ პასუხობს.

"დეტალებზე საუბარი არ მსურს", — განაცხადა მართა არდაშელიამ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედი, ასევე იმედის კვირის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა დატოვა. On.ge ამ დრომდე ცდილობს მასთან დაკავშირებას. ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.

იმედის კვირის წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ On.ge-ს ჟურნალისტების წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გუნდი არსებული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. დეტალების დაზუსტების მიზნით, On.ge ცდილობს საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას. ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

10 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედი ასევე დატოვა ქრონიკის წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ და გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა.

ტელეკომპანია იმედი ვაშაძის წინააღმდეგ

მმართველი პარტიის და მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა, მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ბრძოლა გამოუცხადა ტელეკომპანია იმედმაც. ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ტელევიზიაში განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ რეჟიმის დაბრუნებას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად ნაციონალური მოძრაობა ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ "წარსული ისევ რეალობად იქცეს".

"გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი იმედისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", — ნათქვამია განცხადებაში.