დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული რაკეტა Soyuz, რომლის ბორტზეც ორი ასტრონავტი იმყოფებოდა გაშვებიდან წუთ-ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ასტრონავტებს საავარიო დაშვების განხორციელება აიძულა.

შემთხვევის შემდეგ რუსულმა მხარემ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო, ახლა კი ავარიის გამომწვევი მიზეზიც გამოაშკარავდა, ეს დეფექტური სენსორი იყო.

კომისიის თქმით, მსგავსი პრობლემა შესაძლოა Soyuz-ის ორ სხვა რაკეტასაც ჰქონდეს, რის გამოც ახლა მათი სრული შემოწმება მიმდინარეობს.

Soyuz-ის კაფსულაში ერთი რუსი, ხოლო ერთი ამერიკელი ასტრონავტი იყო, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიემართებოდნენ. ორივე მათგანი შემთხვევას უვნებელი გადაურჩა.

მსგავსი სერიოზული პრობლემა Soyuz-ს 1983 წლის შემდეგ არ შექმნია.

გამოძიების საბოლოოდ დასრულებამდე Soyuz-ის გაშვებები შეჩერებულია. როსკოსმოსი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე ადამიანების გაგზავნას ისინი დეკემბრიდან შეძლებენ.

ავარიის დეტალები

11 ოქტომბრის დილას ყაზახეთიდან რაკეტა Soyuz დილის ცხრის ნახევარზე გაეშვა. გაშვებიდან 90-ე წამზე NASA-მ ხომალდის პირველი სტადიის ამაჩქარებელზე პრობლემა დააფიქსირა, კერძოდ, ოთხი ამაჩქარებლიდან ერთ-ერთი, რაკეტის ცენტრალურ ნაწილს სათანადოდ ვერ გამოეყო, რის გამოც კაფსულამ ძლიერი რყევა დაიწყო და რაკეტამ სტაბილურობა დაკარგა.

როსკოსმოსის მიერ გაზიარებულ ტვიტში რაკეტიდან გადაღებულ ვიდეოს ვხედავთ, რომლის ბოლო ნაწილშიც ჩანს მარცხენა ამაჩქარებელი, რომელიც რაკეტიდან განცალკევებას ვერ ახერხებს, რის გამოც ხომალდი უკონტროლო ბრუნვას იწყებს.

შემთხვევიდან 24 წამის შემდეგ ხომალდის ავარიული სისტემა ამოქმედდა, კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ისხდნენ რაკეტას მოშორდა და ის ბალისტიკურ რეჟიმში დედამიწაზე პარაშუტებით დაეშვა.

დაშვების შემდეგ კაფსულა სამაშველო ჯგუფებმა გაშვების წერტილიდან 400 კილომეტრის დაშორებით იპოვნეს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე როსკოსმოსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავარიის მიზეზი დეფორმირებული სენსორი იყო. დეფექტური სენსორის გამო რაკეტის ოთხი ამაჩქარებლიდან ერთ-ერთი რაკეტის საწვავის ავზს შეეჯახა, რამაც ხომალდის დესტაბილიზაცია გამოიწვია.

კომისიის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ როგორ მოხვდა დეფექტური სენსორი Soyuz-ზე.

მას შემდეგ, რაც 2011 წელს NASA-ს კოსმოსური შატლის მისია დასრულდა, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაშვება შეუძლია. Soyuz-ის მწყობრიდან გამოსვლა კი ნიშნავს, რომ სართაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანების გაგზავნა ამ დროისთვის შეუძლებელია.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ავარიის მიუხედავად Soyuz უსაფრთხოა და ის მრავალჯერაა გამოცდილი.

ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი ასტრონავტი ცხოვრობს, საჭიროების შემთხვევაში მათ დედამიწაზე დაბრუნება კოსმოსურ სადგურზე მიერთებული Soyuz-ის კაფსულით შეუძლიათ.