სამოქალაქო მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრებმა ტელეკომპანია ძველი ტელევიზორი მიიტანეს, რომელზეც სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოა გაკრული წარწერით "ვრემია" (დროება).

"გადავწყვიტეთ, ძველი ტელევიზორი გვეჩუქებინა, ის სიმბოლო, რომლითაც ადრე ჩვენი მშობლები უყურებდნენ რუსულ გადაცემებს და რუსული პროპაგანდა კარგად ჟღერდა იმ გადაცემებში. იგივე პროპაგანდის გადამღერება იმედის საგანგებო განცხადება იყო. მათ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ ადამიანს, რომლის წიგნიდან ამონარიდებს რუსეთი არგუმენტებად იყენებს ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ", — განაცხადა აქცია-პერფორმასის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გოგი ხოჭოლავამ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ტელეკომპანია იმედი ვაშაძის წინააღმდეგ

მმართველი პარტიის და მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გარდა, მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ბრძოლა გამოუცხადა ტელეკომპანია იმედმაც. ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ტელევიზიაში განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ რეჟიმის დაბრუნებას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად ნაციონალური მოძრაობა ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ "წარსული ისევ რეალობად იქცეს".

"გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი იმედისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", — ნათქვამია განცხადებაში.