ნეონაცისტური ჯგუფი ქართული მარში ქართულ ოცნებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის წინაპირობებს უყენებს. მოთხოვნების შესახებ მოძრაობის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად უნდა გადადგას ორი ნაბიჯი:

  • პარლამენტიდან გამოიწვიოს მარიხუანის კულტივირების კანონი და საჯაროდ დადოს პირობა, რომ აღარ ექნება მსგავსი ინიციატივა;
  • გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"თუ ხელისუფლება და ქართული ოცნება არ აპირებს არც მარიხუანის კულტივირების კანონის გაწვევას და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მაშინ ჩვენი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილისადმი იქნება გამორიცხული", — აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, თუ მმართველი ძალა გადადგამს ამ ნაბიჯს, აქტიურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში.

ცესკოს შედეგები

ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ცესკომ წინასწარი მონაცემების განახლებული შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
  • გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
  • შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
  • ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
  • დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.