"საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — განაცხადა კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა და აღნიშნა, რომ ქართული ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას ელოდება.

"ჩვენ გვინდა შევახსენოთ, რომ იყო დრო, როდესაც რუსეთმა გაანადგურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია... ასეთსავე ისტორიას გადის უკრაინის ეკლესია", — თქვა ფილარეტმა ეხო კავკაზთან ინტერვიუში.

ფილარეტი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან კონტაქტი არ ჰქონია:

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი, ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელები უჭერენ მხარს ქართველებს. ამის საფუძველზე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას".

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ.

11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო. სინოდის განცხადების თანახმად, გაუქმდა 1686 წელს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ნებას რთავდა კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა.

"ჩვენს წმინდა სინოდს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. ეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებებმა გამოიწვია", — განაცხადა მიტროპოლიტმა. ვოლოკოლამკის თქმით, იმედი აქვთ კონსტანტინოპოლი შეცვლის თავის გადაწყვეტილებას.

კიევის პატრიარქს აქამდეც უთქვამს, რომ საქართველოს მხარდაჭერის იმედია აქვს. საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდება.

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომა გადაწყვეტს რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში. თუმცა მისივე თქმით, ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორია.