პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონი გახდა იმის მიზეზი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხმა მიიღო.

"ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს. და ამაზე ჩვენ მივიღეთ პასუხი არჩევნებში ხმების დაკლებით, ერთ-ერთი მიზეზი იყო მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი", — განაცხადა კობერიძემ ბიუროს სხდომის შემდეგ.

ლევან კობერიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი 31 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის გაწვევას ითხოვდნენ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, კანონპროექტის გაწვევა მხოლოდ ინიციატორს შეუძლია, ამ შემთხვევაში კი მთავრობას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა. მეზვრიშვილის თქმით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული.

"გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი პროცედურები. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაწვეულ იქნას ეს კანონპროექტი, გაწვეული იქნება, თუ არ მიიღებს, არ იქნება", — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა

საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაავადა. შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ბიუროს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის გადავადების მიზეზად კონსულტაციებს ასახელებს. მინისტრის თქმით, მუშაობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მხარეების პოზიციები არ დაახლოვდება. გახარიამ განაცხადა, რომ 2-3 თვეს არ აქვს მნიშვნელობა და იმსჯელებენ იქამდე, სანამ კონსესუსს არ მიაღწევენ. მისივე განმარტებით, საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას არ აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე, აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.

დოკუმენტი 131-გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე, 10 კანონში გამოიწვევს ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგებიან. კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ინიციატივას ეკლესია დაუპირისპირდა.