თბილისის მერიის, კახა კალაძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებაზე მუშაობენ. კალაძის თქმით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიზანი ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.

მერის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებით:

  • მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის;
  • მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის;
  • ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის;
  • განთავსებისას, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის;
  • ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.

კალაძემ აღნიშნა, რომ ასევე პრობლემურია ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, თუმცა, მისივე თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების პარკი სრულად განახლდება. გარდა ამისა, მერმა ისაუბრა, მეტროს განახლების და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებ. მისივე თქმით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.