სენეკას ვირუსმა მალე შესაძლოა კიბოს მკურნალობაში გარღვევა მოახდინოს. ოკინავას ტექნოლოგიური და სამეცნიერო ინსტიტუტისა და ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს მექანიზმი, რომლითაც ვირუსი ახერხებს, რომ სიმსივნის უჯრედები შერჩევითად გაანადგუროს, ჯანმრთელი უჯრედები კი უვნებელი დატოვოს. სენეკას ვირუსი პიკორნავირუსების ჯგუფის წარმომადგენელია.

გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები ხსნიან, თუ როგორ ურთიერთქმედებს სენეკას ვირუსი სიმსივნის უჯრედებზე არსებულ რეცეპტორებთან. მეცნიერებმა კრიოელექტრონული მიკროსკოპით 7 000 სხვადასხვა ინდივიდუალური ნაწილაკი გადაიღეს, რითაც საბოლოოდ ვირუსის მთლიანი სტრუქტურა შექმნეს. კვლევის ავტორები თვლიან, რომ მიღებული შედეგები მეცნიერებს კიბოს საწინააღმდეგო ვირუსების შექმნასა და ოპტიმიზაციაში დაეხმარება.

"თუ თქვენ გაქვთ ვირუსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კიბოს უჯრედებს ებრძვის, მაშინ თქვენ გაქვთ იდეალური იარაღი, რითაც ამ დაავადებასთან ბრძოლა შეგიძლიათ", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ოკინავას სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი მათიას ვულფი.

ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვიროთერაპია, რომელიც კიბოს მკურნალობისთვის ვირუსების გამოყენებას გულისხმობს. კიბოს საწინააღმდეგო ვირუსებს შეუძლიათ, რომ კიბოს უჯრედები ჯანმრთელისგან განასხვაონ და ბუნებაში ასეთი ვირუსები უკვე არსებობენ. მეცნიერები ამ ტიპის ვირუსების იოზლირებას ცდილობენ, რის შედეგადაც ისინი მათი შეტევის სტრატეგიას შეისწავლიან და გენური ინჟინერიის დახმარებით მათ უფრო ეფექტურს გახდიან.

ვირუსის სტრუქტურა

ვირუსის სტრუქტურა

ფოტო: Jean-Yves Sgro

შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მეოთხე სტადიის მელანომის სამკურნალოდ ვიროთერაპიის ერთ-ერთი მეთოდი უკვე დაამტკიცა.

სენეკას ვირუსს ვიროთერაპიაში დიდი პოტენციალი აქვს და ეს იმით არის განპირობებული, რომ მას სიმსივნის უჯრედებზე არსებული რეცეპტორის მიმართ მაღალი მგრძნობელობა გააჩნია, ამ კონკრეტულ რეცეპტორს ადამიანებში არსებული კიბოს შემთხვევების 60 პროცენტში ვხვდებით.

რეცეპტორი ANTXR1-ის სახელით არის ცნობილი და ის მხოლოდ კიბოს უჯრედებზე გვხვდება, არსებობს მისი მსგავსი მეორე რეცეპტორი ANTXR2-იც, რომელსაც მხოლოდ ჯანმრთელ უჯრედებზე ვპოულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რეცეპტორი საკმაოდ მსგავსია, სენეკას ვირუსი ჯანმრთელ უჯრედებზე არსებულ რეცეპტორს არ უკავშირდება. კვლევის ავტორებმა სცადეს გაერკვიათ, თუ რატომ ხდებოდა ეს.

"ორ რეცეპტორს შორის განსხვავება მინიმალურია, ამის მიუხედავად, ეს განსხვავებები ვირუსს აიძულებს, რომ მხოლოდ ერთ მათგანს დაუკავშირდეს, მეორეს კი არა", - აცხადებს ვულფი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სენეკას ვირუსი რეცეპტორ ANTXR1-ის სტრუქტურას გასაღებივით ერგება.

სენეკას ვირუსის კიბოს საწინააღმდეგო თვისებები კლინიკური ცდების პირველ ფაზაში უკვე დადასტურდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა, ორგანიზმი სენეკას ვირუსის მიმართ იმუნიტეტს იძენს, რის შედეგადაც ის მას ებრძვის და რამდენიმე კვირაში სრულად ანადგურებს.

"თუ ადამიანში ვირუსს ვაქცინის სახით შევიყვანთ, ჩვენ გვსურს, რომ ორგანიზმმა მის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამოიმუშაოს, ამ შემთხვევაში კი მიზანი საპირისპიროა. ჩვენ გვსურს, რომ ვირუსი ადამიანის იმუნიტეტს დაუსხლტეს და კიბოს უჯრედებს ებრძოლოს. ვირუსის სტრუქტურის შესწავლით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელი უბანი არის კიბოს უჯრედებთან მიბმაზე პასუხისმგებელი და რომელი არა, შემდეგ კი შეგვიძლია ეს უკანასკნელი უბნები გენური ინჟინერიით შევცვალოთ, რათა იმუნური სისტემის თავდასხმა როგორმე თავიდან ავირიდოთ", - აცხადებს ვულფი.

ვირუსის მოქმედების მექანიზმების უკეთესი გაგებით, მეცნიერებმა შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა "მოატყუონ" და კიბოსთან მებრძოლი ვირუსი დაიცვან, რას მას სიმსივნის განადგურების საშუალებას მისცემს.