Pokemon Go-ს გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ კათოლიკურმა ჯგუფმა პოპულარული თამაშის საკუთარი ვერსია შექმნა, ისინი იმედოვნებენ, რომ ამ გზით ბაშვებს რელიგიით დააინტერესებენ.

Follow JC Go თამაშის ორიგინალი ვერსიის მსგავსად GPS-სა და ვირტუალურ რეალობას იყენებს, თუმცა სხვადასხვა პოკემონების ნაცვლად, მოთამაშეებმა წმინდანდები და სხვა ბიბლიური პერსონაჟები უნდა იპოვნონ.

კათოლიკეების მიერ შექმნილი თამაში ფაქტობრივად Pokemon Go-ს ასლია, ოღონდ განსხვავებული პერსონაჟებით. თამაშის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათ რომის პაპის კურთხევაც აქვთ.

კათოლიკური ეკლესია იმედოვნებს, რომ Follow JC Go ისეთივე წარმატებას მიაღწევს, როგორსაც Pokemon Go, ამ უკანასკნელს ამჟამად 500 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს, თამაშმა კი მის შემქმნელებს ორი მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა.

"ეკლესიას მსგავსი პროექტი არასდროს ჰქონია. ეს არის კათოლიკური აპლიკაცია, რომელიც ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს იყენებს. დღეისათვის ჩვენს ცხოვრებაში სმარტფონებს უდიდესი როლი აქვს. ჩვენ გვინდოდა ეს პლატფორმა აგვეთვისებინა და შეგვექმნა საგანმანათლებლო თამაში, რომელშიც ადამიანები ევანგელიზაციისთვის გუნდებს ჩამოაყალიბებდნენ", - აცხადებს რიკარდო გრზონა, რომელიც თამაშის შემქმნელი ევანგელისტური ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია.

მისი თქმით, რომის პაპი ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევა, თუმცა ის ტექნოლოგიისა და რელიგიის გაერთიანებას მხარს უჭერს.

რომის პაპმა კათოლიკური ეკლესიის წინაშე არსებულ იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რომლებიც ახალგაზრდობის ეკლესიასთან დაახლოებას უშლის ხელს, მაგალითად, სკანდალები, რომლებიც სასულიერო პირების მიერ ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ეხება.

"ახალგაზრდები ეკლესიაზე გაბრაზებულები არიან, ამის მიზეზი ის სექსუალური და ეკონომიური სკანდალებია, რომლებმაც ეკლესიას სახელი შეულახა", - აცხადებს ფრანცისკე.

კომპანიის თქმით, თამაშზე დიზაინერების, თეოლოგების, ბიბლიის ექსპერტებისა და ისტორიკოსების 43-კაციანი გუნდი 2016 წლიდან მუშაობს.