საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სესხების გაცემის გამკაცრების ამოქმედება გადაავადა. რეგულაცია პირველი ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცვლილებების შეტანის არგუმენტით ვადამ ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია.

მართალია, გადავადებაზე ეროვნული ბანკის განცხადება დროში დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების გამოკვეთას, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მიზეზი კონსულტაციების გაგრძელებაა. ეროვნული ბანკის განმარტებით, მიზანშეწონილად ჩათვალეს საფინანსო ორგანიზაციებისთვის რამდენიმე დღე მიეცათ დოკუმენტის ახალი ვერსიის გასაცნობად.

ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ, თუმცა ამბობენ, რომ მედიას ამ ეტაპზე დოკუმენტს და დამატებით დეტალებს ვერ მიაწოდებენ.

ეროვნული ბანკის ახალი პროექტი სხვადასხვა სახის შეზღუდვებს ითვალისწინებს. მათ შორის, აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, რომლის ძირი თანხაც ვადის ბოლოს დაიფარება. გარდა ამისა, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი მომხმარებელს სესხს აღარ მისცემს და თუ მომხმარებელს სესხის დაფარვა საპენსიო ასაკში მოუწევს, თანხას უფრო ძნელად მიიღებს.