თბილისში დაკავებული ზაზა სარალიძის საქმეზე რუსთავის სასამართლო იმსჯელებს. როგორც წესი, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება იმ ქალაქის სასამართლოში ტარდება, სადაც პირს აკავებენ.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას თბილისის პროკურატურის ნაცვლად ქვემო ქართლის პროკურატურა გაუწევს.

"იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

თავად ზაზა სარალიძემ კი განაცხადა, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რომელი კუთხის პროკურატურა გამოიძიებს მის საქმეს.

"დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს თუ ჩხოროწყუ", — განაცხადა სარალიძემ.

რატომ დააკავეს ზაზა სარალიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 ოქტომბერს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად კიდევ ორი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სარალიძე 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს გაათავისუფლეს. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით უახლოეს დღეებში მიმართავს.

ზაზა სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ეს უფლება შეუზღუდეს. სარალიძე თბილისის პარლამენტის შენობასთან უკვე 50 დღეა აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.