ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს, აშოტ რაისიანსა და წევრებს — აბრაამ აბრაჰამიანს, ტიგრან აბრაჰამიანსა და მიშა აღბალიანს თავს დაესხნენ. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, დაშავებულებს თავს ქართული ოცნების შტაბის 20-მდე წევრი ხელკეტებით დაესხა. დაშავებულებს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დარბევას ქართული ოცნების დეპუტატის, ენძელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი ხელმძღვანელობდა. მისივე განცხადებით, აბრაჰამიანები საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არიან და ქართული ოცნების შტაბის წევრებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენეს, რომ ცესკოში საჩივრები არ შეეტანათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.