საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მარიხუანის მოხმარების რეგულირების კანონპროექტის მიზანი "მარწუხების მოჭერაა". ამ სიტყვებით, ნათია მეზვრიშვილმა თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დათო სუბელიანის მიერ ამავე კანონპროექტის კრიტიკას უპასუხა.

დავით სუბელიანის თქმით, კანონპროექტი მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ სცილდება ნარკოპოლიტიკის იმ განვითარებას, რომელზეც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად თვეების განმავლობაში მუშაობდა.

"ეს კანონპროექტი მარწუხების მოჭერისკენაა მიმართული და ყველგან, სადაც ნახეთ, რომ მარწუხის მოჭერა შეიძლება, მოუჭირეთ", — განაცხადა დათო სუბელიანმა.

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დავით სუბელიანს უპასუხა და განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანი მარიხუანის მოხმარების გავრცელების პრევენციაა.

"მარწუხების მოჭერა ახსენეთ და უნდა დაგიდასტუროთ, ამას ვერ უარვყოფ. დიახ, ამ კანონის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი — არ შეუწყოს გავრცელებას ხელი. თუ ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

დათო სუბელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანაფის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტი, მეორე მოსმენით განიხილეს, სხვა შენიშვნებიც გააჟღერა. კრიტიკა მეტწილად ეხებოდა მარიხუანის თრობის ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სუბელიანისთვის გაუგებარია, რატომ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, როცა ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით შემოიფარგლება.

"კანაფით თრობის დროს ავტოავარიის შემთხვევებზე სტატისტიკა არ არის. სტატისტიკა არ გვაქვს და არც ანეგდოტური ცნობა ამის შესახებ. ვიცით, რომ ალკოჰოლი ხალხს ღუპავს, თუმცა არავინ ამკაცრებს. ამ ნიუანსებში კანონპროექტის პოლიტიკური სულისკვეთება იკვეთება", — განაცხადა დათო სუბელიანმა.

ნათია მეზვრიშვილის პასუხით, საშიშროების ხარისხის მიხედვით, ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

"სასამართლომ დაგვრთო ნება და ამის სამართლებრივი საშუალება არსებობს, რომ მკაცრი რეგულაციები დავაწესოთ. გუშინ, მარიხუანის მოხმარება ისჯებოდა სისხლის სამართლებრივი წესით და დღეს თქვენ არ გინდათ, რომ ასეთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისაჯოს", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონი შსს-მ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოამზადა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარება დასჯადი ქმედება აღარაა.

მარიხუანის მოხმარების შეზღუდვები

  • მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე იკრძალება;
  • მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ, ხოლო მათი დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება;
  • მარიხუანის მოხმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აკრძალული იქნება როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის სანქცია იზრდება;
  • სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება;
  • მარიხუანის მოხმარების კანონპროექტი სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის ფლობისა და გასაღების მიმართ რეგულაცია არ იცვლება და აღნიშნული ქმედებები კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.