მარკირება არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია, მარკირების სითხე შესასხურებელი ბოთლის საშუალებით ხელის თითზე დაიტანება და ის უზრუნველყოფს, რომ კონკრეტული ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთხელ მიიღებს.

მარკირების სითხე პირველად 1951 წელს ინდოეთში შექმნეს. მისი საბოლოო ფორმულა კი 1994 წელს შეიმუშავეს და ის დღემდე მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.

მარკირების სითხის კანზე დატანის შემდეგ მის მოშორებას ვერც საპნით, ვერც ალკოჰოლით, ვერც მათეთრებლით და ვერც რაიმე სხვა ნივთიერებით შეძლებთ.

სითხის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ვერცხლის ნიტრატია, რომლის კვალის აღმოჩენაც ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ ხდება. ვერცხლის ნიტრატი კანის უჯრედებში არსებულ ცილებში ჯდება, რის გამოც მისი მოშორება შეუძლებელია. მარკირების აღმოჩენა მანამ იქნება შესაძლებელი, სანამ თქვენი კანის ზედაპირზე არსებული უჯრედები ახლით არ ჩანაცვლდება. კანის ზედაპირზე უჯრედები ყოველ რამდენიმე დღეში იცვლება, ფრჩხილზე მოხვედრილი სითხის კვალის გაქრობას კი რამდენიმე კვირა სჭირდება.

მარკირების სითხეები ვერცხლის ნიტრატის შემცველობით განსხვავდება და ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ხნით არის საჭირო თითზე მარკირების კვალის შენარჩუნება. მეტად კონცენტრირებული სითხე კვალს კანზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს.

მარკირების სითხე არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს, პროცესი არ ეწინააღმდეგება არც ერთი რელიგიური აღმსარებლობის დოგმებს და ის ჯანმრთელობისთვის სრულად უსაფრთხო პროცედურაა.