ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს ისევ დაესხა თავს. ოთხ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გიგაურს "რამდენჯერმე მიანიშნა", რომ სამოქალაქო სექტორიდან უნდა წასულიყო.

"ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მაგრამ დღეს უფრო კარდინალური ვიქნები, რამეთუ მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს", — განაცხადა ივანიშვილმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად მოიაზრება ბრიჯიტ ბრინკსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევს. ეკა გიგაურმა ტვ პირველზე განაცხადა, რომ მსგავს ინფორმაციას თვითონაც ფლობს. ამის შესახებ მაესტროს ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

"ეკა გიგაურს სურს, რომ ამ პოლემიკაში შემოვიდეს, რომ, აი, ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი. რუსთავი 2 და მსგავსი მედია უსამართლოდ აწვება ხელისუფლებას, როგორც NGO-ების ნაწილი. როგორც კი იქიდან მოდის ადეკვატური პასუხი ასე კი არა ასეა, ყვირიან, აე, გვიშველეთ მედიას ხურავენ, მედიაზე ზეწოლა მიდის და NGO-ებს ხურავენ და აკოტრებენ", — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა 2007 წელს 7 ნოემბრის აქციების დაშლაში ეკა გიგაურის როლზე ისაუბრა, რომელიც იმ დროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. ივანიშვილის მტკიცებით, დარბევის შემდეგ გიგაურმა სპეცრაზმის თანამშრომლებს პრემიები გამოუწერა და ვადაზე ადრე კაპიტნის წოდება მიიღო. მისივე თქმით, გიგაური არ დადის იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ საქმეს ეხება. კერძოდ კი, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავას უჩივლა, რომელმაც ის აქციის დარბევის მონაწილეების წახალისებაში დაადანაშაულა.

ინტერვიუს ფეისბუქით გამოეხმაურა ეკა გიგაურიც. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "იჭორავა" და მას არც ერთი სასამართლო პროცესი არ გაუცდენია.

"სად წავალ, რას გავაკეთებ და რას ვიტყვი ეს ივანიშვილის საქმე არ არის და არც არასოდეს იქნება. ვურჩევდი, რომ მსგავს რიტორიკას შეეშვას, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ, პირველ რიგში, ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. უკვე ყველაფერი ნათელია, ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა და ახლა ზუსტად ვიცი ჩემზე თავდასხმების უკან ვინც დგას", — წერს გიგაური ფეისბუქზე.

ბიძინა ივანიშვილმა ეკა გიგაურზე 23 ოქტომბრის ინტერვიუს დროსაც ისაუბრა და გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის ნაწილი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და გიგაური სამოქალაქო საზოგადოების ეტალონი არ არის.

"ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივი, რომელიც შეფარულად შევიდა სამოქალაქო საზოგადოებაში და თავს ესხმის ხელისუფლებას. აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ", — თქვა ივანიშვილმა.

არასამთავრობოების გაკრიტიკების მიზეზი

მმართველი გუნდის წევრების განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე
მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ელიტურ კორუფციასა და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე გაავრცელა განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისინი გააკრიტიკა და არასერიოზული უწოდა.

"ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები", — ასე უპასუხა კობახიძემ არასამთავრობოების კრიტიკას არჩევანის ეთერში.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააგრძელა. წულუკიანმა NGO-ების განცხადებებს "არასერიოზული" და "ყველანაირი სტანდარტის დარღვეული" უწოდა.

არასამთავრობოები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტებიც გახდნენ. ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში ქსენოფობიური შინაარსის კომენტარის შესახებ საუბრობენ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მოგვიანებით, ზურაბიშვილმა არასამთავრობოები ისევ გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა, რომ მათთან შესახვედრად მზად არის.

2018 წლის 8 ოქტომბრის საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას "ფაშისტური განცხადება" არ შეაფასეს. საქმე ეხება ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს, რომელშიც ამბობს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უნდა შევიწროვდეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩუმად არიან, "რაც გასაკვირი არ არის".

არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემაცისაუბრა. თალაკვაძემ ტვ იმედის ეთერში საუბრისას თქვა, რომ ორგანიზაციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით მუშაობენ.