მარსის ეკვატორთან არსებული დიდი ხნის წინ ჩამქრალი ვულკანის თავზე ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა, მარს-ექსპრესმა ბუმბულის ფორმის მსგავსი თეთრი ღრუბელი დააფიქსირა.

ერთი შეხედვით, ღრუბელი ვულკანიდან ამოსული კვამლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს იდეა დასაწყისშივე შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რადგან ვიცით, რომ მარსი ამ ეტაპზე ვულკანურად აქტიური არ არის.

1 500 კილომეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ღრუბელი პირველად მარს-ექსპრესის მიერ 13 სექტემბერს გადაღებულ ფოტოებში გამოჩნდა და მისი ადგილმდებარეობა მას შემდეგ არ შეცვლილა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვულკანის ფერდობებიდან დაბერილი ქარის მეშვეობით ის სიგრძეში კიდევ უფრო გაიზარდა და ახლა მისი დანახვა დედამიწაზე არსებული ტელესკოპებიდანაც შეიძლება.

სურათი გადაღებულია 2018 წლის 21 სექტემბერს

სურათი გადაღებულია 2018 წლის 21 სექტემბერს

ფოტო: ESA/DLR/FU

ღრუბელი ვულკანური წარმოშობის ნამდვილად არ არის, თუმცა მის ჩამოყალიბებაში ჩამქრალმა ვულკანურმა მთამ წვლილი ნამდვილად შეიტანა.

ასეთ ფენომენს მეტეოროლოგები ოროგრაფიულ ღრუბელს უწოდებენ. ოროგრაფიული ღრუბლები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მთის ფერდობზე არსებული ქარის ნაკადები მაღალ სიმაღლეებზე ადის, რაც მასში არსებულ წყალს კონდენსაციის საშუალებას აძლევს.

მარსზე აღნიშნული ვულკანის თავზე ღრუბლები ადრეც შეუმჩნევიათ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ, სეზონური ცვლილებების გამო ვულკანის ფერდობებზე ღრუბლები ბუნებრივად წარმოიქმნება. მარს-ექსპრესმა მსგავსი ფოტოები 2009, 2012 და 2015 წელსაც გადაიღო.

ღრუბლის შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ მარსის ატმოსფეროში მტვრის ნაწილაკების სიხშირე უკეთ გამოთვალონ.

მარსზე მეტეოროლოგიური მოვლენები საკმაოდ ხშირია, წლის დასაწყისში წითელ პლანეტაზე ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებდა, რომელმაც თითქმის მთელი პლანეტა მოიცვა და სავარაუდოდ რობოტ Opportunity-ს სიცოცხლეც შეიწირა.