ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გაზაფხულიდან ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება და ადგილობრივებს თვითონ დაეხმარება.

"მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები", - აღნიშნა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება. როგორც ივანიშვილი განმარტავს, სწორად განვითარების შემთხვევაში ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ელექტროავტომობილები იმოძრავებენ.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად იყო ჩასული. როგორც მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ის კურორტზე ადგილობრივ მდგომარეობას ეცნობოდა. მან აბასთუმნის ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავლიერა. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილს აბასთუმანში ახალი პროექტების განსახორციელებლად ჩავიდა.

ქვეყანაში ელექტრომანქანების შემოყვანაზე მწვანე პოლიტიკის პრეზენტაციის დროს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მომავალი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკი 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება.

სამთავრობო გეგმის თანახმად, საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყება, ერთი წლის განმავლობაში კი 2 000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით.

თბილისში ელექტროავტობუსების შემოყვანაზე ისაუბრა ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, 2020 წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი იმოძრავებს.